გუდაურში პრობლემა მოგვარებულია, ბაკურიანში წყალმომარაგება დღის განმავლობაში სრულად აღდგება
9 იანვარი 2020,,როდესაც ჩვენ ზამთრის კურორტების წყალმომარაგებაზე ვსაუბრობთ, სამწუხაროდ შეიქმნა მცდარი წარმოდგენა, რომ თითქოს გუდაურსა და ბაკურიანს სრული მოცულობით ჰქონდა პრობლემა წყალმომარაგებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა რომ ეს პრობლემა ორივე კურორტზე შეექმნა სასტუმროების ნაწილს, მაგრამ ეს იყო მხოლოდ ნაწილი. გუდაურში წყალმომარაგება არის უკვე სრულად აღდგენილი. დღეის მდგომარეობით ყველა სასტუმროს მიეწოდება წყალი, რაც შეეხება ბაკურიანს, ასევე დილიდან დაიწყო პრობლემური სასტუმროების წყალმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა, შესაბამისად ვვარაუდობთ, რომ დღის განმავლობაში ბაკურიანშიც სრულად აღდგება წყალმომარაგება“-ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ უწყების ტექნიკური სამსახურები მუშაობენ უშუალოდ სასტუმროების ტერიტორიაზე და ეხმარებიან მათ პრობლემის მოგვარებაში. ვიცე-პრემიერმა ისაუბრა პრობლემის გამომწვევ მიზეზებზეც და განაცხადა, რომ ობიექტური მიზეზი არის ის კლიმატური პირობები, რომელიც შეიქმნა, კერძოდ უნალექო ამინდი, რამაც გამოიწვია იმ წყლის მარაგების მკვეთრი შემცირება რაც საჭიროა სრულად გაზრდილი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მან ისაუბრა ბიზნეს-სექტორთან კომუნიკაციაზეც და განაცხადა, რომ მხოლოდ ბაკურიანს 2019 წელს დაემატა 800-მდე ახალი აბონენტი საიდანაც 200 ზე მეტი იყო იურიდიული პირი, ანუ სასტუმრო განთავსების ობიექტი, შესაბამისად ეს არის დამატებითი მოთხოვნა, დამატებითი ზეწოლა იმ წყალმომარაგებაზე რომელიც არსებობს, იგივე ვითარებაა გუდაურშიც, სადაც ამდენი იურიდიული პირი არა, მაგრამ რამდენიმე ათასი მაცხოვრებელი დაემატა ,,რედკოს“ დასახლებას.
,,ბიზნესს აქვს მზარდი გეგმები 2020 წლისთვისაც. შესაბამისად საჭიროა იმ ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც ამ მზარდ მოთხოვნებს უპასუხებს. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში, ინფრასტრუქტურის განვითრების ტემპი, იქიდან გამომდინარე რომ ბევრად უფრო სპეციფიურია და ბევრად უფრო მეტ დაფინანსებასთან და პროცედურასთან არის დაკავშირებული ვერ მიყვა იმ ტემპს რომელიც ჰქონდა ბიზნესს, ეს არის სწორედ ის პრობლემა რაც შეიქმნა. უკვე დაწყებულია აქტიური მუშაობა იმისთვის რომ 2020 წელს ჩვენ ჩავდოთ ინვესტიციები იმისთვის რომ 2021 წლის ზამთრის სეზონს შევხვდეთ უფრო მომზადებულები“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.